მთავარიპოლიტიკა

გრიგოლ გეგელია — ხელისუფლებას კრიზისის მართვის უნარი არ გააჩნია და მისი ერთადერთი პოლიტიკა ყველაფრის აკრძალვაა

ხელისუფლებას არ გააჩნია კრიზისის მართვის არავითარი უნარი და ამიტომ მისი ერთადერთი პოლიტიკა ყველაფრის აკრძალვა და შეზღუდვაა, რასაც ასობით ათასი ადამიანის კეთილდღეობა შეეწირა ,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

 

გრიგოლ გეგელია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება.

 

გრიგოლ გეგელიას განმარტებით, ამირან განყრელიძის მოსაზრება მცდარია და საბაგიროები ევროპის მთელ რიგ სათხილამურო კურორტებზე ფუნქციონირებს, მათ შორის, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ესპანეთში, სლოვენიასა და ბულგარეთში.

 

,,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ევროპის არც ერთ სათხილამურო კურორტზე არ ყოფილა გახსნილი საბაგირო გზები და ამიტომ არც საქართველო არ უნდა იყოს გამონაკლისი. ბატონი გამყრელიძე ამბობს, რომ სათხილამურო კურორტები “ერთადერთი გასხნილია ავსტრიაში” და მოგვიწოდებს, დაგუგლეთ და ნახეთო. ბატონო ამირან, მინდა გაცნობოთ, რომ დავგუგლეთ და ვნახე, რომ თქვენი მოსაზრება მცდარია. საბაგიროები ფუნქციონირებს ევროპის მთელ რიგ სათხილამურო კურორტებზე, მათ შორის შვეიცარიაში, ავსტრიაში, ესპანეთში, სლოვენიასა და ბულგარეთში. ამის კონკრეტული მაგალითებია ვერბიე, მორგინსი, პორტ დუ სოლელის შვეიცარული ნაწილი, ავსტრიის სათხილამურო კურორტები, პირენეები ესპანეთში, ბანსკო და ბოროვეცი ბულგარეთში, კურორტები სლოვენიის ცხრა რეგიონში. ეპიდემიით გამოწვეულმა სატრანსპორტო და სხვა ტიპის შეზღუდვებმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა ევროპის სათხილამურო ბაზარს. ვიცით, რომ ეს საკითხი სერიოზული დისკუსიის საგანია ევროპულ სახელმწიფოთა შორისაც. მაგრამ, როგორც ვხედავთ, არაერთმა სახელმწიფომ შეძლო ეფექტიანად ემოქმედა, ისე რომ არც საზოგადოებრივი ჯანდაცვა დამდგარიყო მოჭარბებული რისკის ქვეშ და არც ათასობით ადამიანი დარჩენილიყო ულუკმაპუროდ“, — აცხადებს გრიგოლ გეგელია.

 

მისივე თქმით, ხელისუფლებას არ გააჩნია კრიზისის მართვის არავითარი უნარი და ამიტომ, მისი ერთადერთი პოლიტიკა ყველაფრის აკრძალვა და შეზღუდვაა, რასაც ასობით ათასი ადამიანის კეთილდღეობა შეეწირა.

 

,,რას ვხედავთ საქართველოში? ჩაძირულ ეკონომიკას, რომელსაც 3 მეტრი თოვლი ადევს ბაკურიანის და გუდაურის სასტუმროებივით. ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია კრიზისის მართვის არავითარი უნარი და ამიტომ მისი ერთადერთი პოლიტიკა ყველაფრის აკრძალვა და შეზღუდვაა, რასაც ასობით ათასი ადამიანის კეთილდღეობა შეეწირა. სწორედ ამ მავნებლობის შედეგად, საქართველოში უკვე 162, 000-ზე მეტი დაქირავებით დასაქმებული ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე. რაც უარესია, ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება, რადგან მთავრობა ვერ უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას, რამაც ათასობით ბიზნესის გაკოტრება და დახურვა გამოიწვია. ნაცვლად იმისა, რომ დღეს ჩვენ ერთობლივად ვსაუბრობდეთ შეზღუდვების გონივრულ შემსუბუქებაზე, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების დეტალურ შესწავლაზე, ზამთრის სეზონის ჯერ კიდევ დარჩენილი დროის ეფექტურად გამოყენებაზე, რაც ათასობით ადამიანს და ქართულ ბიზნესს გადაარჩენს, დღეს ჩვენ ვისმენთ მცდარ ინფორმაციაზე დაფუძნებულ არგუმენტებს მთავრობის უსუსური პოლიტიკის გასამართლებლად. ეს ან არაპროფესიონალიზმის ბრალია, ან რაც უფრო სახიფათოა, მიზანმიმართული ტყუილია. ამასობაში, ქართული ეკონომიკა ღრმა თოვლშია ჩამარხული და ყოველდღე დამატებით ზარალს ნახულობს. თავის სილაში ჩარგვის ნაცვლად, დროა რეალობას გავუსწოროთ თვალი და ვისწავლოთ პანდემიასთან ერთად ცხოვრება. სხვა შემთხვევაში, ქართული ეკონომიკა სრული კრახისთვის, ასობით ათასი ადამიანი კი სიღატაკისთვის არის განწირული“, — აღნიშნავს გრიგოლ გეგელია.

(Visited 4 times, 1 visits today)

Comment here