აქტუალური თემამთავარიპოლიტიკა

დეოკუპაცია განხილვების  ყველაზე მთავარი თემაა — ვიქტორ დოლიძე

13:30

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და მონაწილეობას მიიღებს ნატო — საქართველოს კომისიის სხდომაში.

იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და ნატო-ს გენერალური მდივანი მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს წარმომადგენლის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი ძალიან დადებით და პოზიტიურ ფონზე მიმდინარეობს, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომავალთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვნახეთ ბატონი სტოლტენბერგის განცხადება, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის კანდიდატის განცხადება, და ეს ჩვენთვის ძალიან მხარდამჭერი ფონია.

უმაღლეს დონეზე გვექნება შეხვედრები, როგორც ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან, ასევე გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში იმ თემების განხილვის შესაძლებლობა, რომლებიც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, დემოკრატიული პროცესების განვითარებას. რა თქმა უნდა, დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა იქნება. ამავე დროს, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და ამ კონტექსტში საქართველოს წვლილი და კონტრიბუცია იმ საქმეში, რასაც საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოება და ალიანსში საქართველოს მომავალი წევრობა ჰქვია. ამიტომ, მე ვფიქრობ, ერთგვარად სიმბოლურიცაა და ამავე დროს, პრაგმატული და სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს პრეზიდენტის პირველ ვიზიტს სწორედ ბრიუსელში, ნატო-სა და ევროკავშირში, რაც საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტებია», — აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

(Visited 2 times, 1 visits today)

Comment here