აქტუალური თემამთავარიპოლიტიკა

სტრასბურგის გადაწყვეტილება აღსასრულებლად მაღალი ლეგიტიმაციისაა — ბესელია

სტრასბურგის გადაწყვეტილებით მივიღეთ სამართლებრივად  განმტკიცებული  დოკუმენტი იმის, რაც აქამდეც ვიცოდით,  რომ საქართველო  დაზარალდა რუსეთისგან და  იწვნია ოკუპაციის სუსხი — ამგვარად შეაფასა პარტია „სამართლიანობისათვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ რადიო „ჯორჯიან თაიმსში“ მალხაზ გულაშვილის გადაცემაში „რეალური პოლიტიკა“  სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ დავაში  საქართველოს სახელმწიფოს გამარჯვება.

„12 წელი არ არის პატარა დრო. შეიძლება ისტორიისთვის მცირე, მაგრამ იმ ადამიანებისათვის, ვინც თავის თავზე იწვნია ომის უბედურება, დიდი დროა. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის დავებს ახასიათებს დროში დაგვიანება“, —  განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი თქმით,  ხელისშემშლელი პირობა იმისა, რომ გადაწყვეტილებას დაეგვიანა, ან საერთოდ არ დამდგარიყო, იყო უამრავი. მათ შორის ის, რომ  რუსეთი არ  თანამშრომლობდა, მანიპულირებდა, რომ  შედეგი არ დამდგარიყო  და  ასევე ის, რომ რუსეთს საერთაშორისო სივრცეში ბევრი ლობისტი ყავს.

შეკითხვას, რამდენად შეიძლება დოკუმენტი  წაადგეს დევნილთა დაბრუნების პროცესს, იურისტის თქმით,  არა მხოლოდ ამ ნაწილში შეიძლება დაგვეხმაროს ეს გადაწყვეტილება, არამედ ის აღსასრულებლად ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციისაა. „ჩვენ გვაქვს არაერთი რეზოლუცია გაეროს დონეზე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან  მიღებული და დამტკიცებული, მაგრამ  რუსეთის მხრიდან მათი აღსრულება არ ხდება. სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება კი არის პრეცედენტული და ის ამავდროულად ჰააგის სასამართლოში, სადაც პერსონალური დავების გადაწყვეტა ხდება, იქნება  როგორც მტკიცებულება, აღიარებული ფაქტი“, —  განაცხადა  ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო ხანგრძლივი ოკუპაციის უსამართლო პროცესის შემაჯამებელი აკორდი იყო,  არა მხოლოდ სამართლებრივი და კომპენსაციების ჭრილში, არამედ  ისტორიულ ჭრილში.. „საქართველოს ექნება დიდი  კოზირი  რუსეთის წინააღმდეგ  ბევრ  საერთაშორისო სტრუქტურაში.  ამ გადაწყვეტილებას არ ქონია ერთჯერადი  შინაარსი და ამიტომ გაგრძელდა წლები. გადაწყვეტილება  უძლიერესი ბერკეტია დიპლომატიის პირობებში ახლაც და მომავალშიც“, —   განაცხადა  ეკა ბესელიამ.

(Visited 1 times, 1 visits today)

Comment here