ეკონომიკა

სახელმწიფო საქართველოს თევზჭერის ფლოტის გაფართოებას დაეხმარება

ეროვნული სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქვეყნის თევზჭერის ფლოტს დაეხმარება, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ ერთად თევზჭერის სფეროს მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობა დაიწყო. ახალი პროექტის თანახმად, თევზჭერის ფლოტი განახლდება და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ეს ყველაფერი ასევე შეუწყობს ხელს დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და საექსპორტო გეოგრაფიის გაზრდას.

„აწარმოე საქართველოში“: ქვეყანაში პირველი თევზსაჭერი გემის მშენებლობა დაფინანსდა

ამ დროისთვის ახალი პროგრამის ბენეფიციარი გახდა ორი თევზმჭერი კომპანია — შპს „ნანა 25″ და შპს „თემო». კომპანიების გაფართოება ახალი თევზმჭერი გემების შესყიდვას გულისხმობს.

კომპანია ისარგებლებს როგორც სესხის თანადაფინანსების კომპონენტით, ისე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმითაც. კერძოდ, პირველი სამი წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს და ასევე, სესხის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება.

კომპანიების დამფუძნებელთა თქმით, ახალი გემების შეძენით ისინი შეძლებენ თითქმის დაჭერილი თევზის თითქმის გაათმაგებას. კერძოდ, ახალი გემებით დაიჭერენ 5-7 ათას ტონამდე ქაფშიას გადამამუშავებელი საწარმოსთვის, დამატებით 250-300 ტონას საექსპორტოდ სორტირებულ ქაფშიას.

 

თევზჭერა ფოთში განხორციელდება. თითოეულ გემზე 18 ადამიანი დასაქმდება.

 

პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ ლარამდე თანხას საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90%-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლუს  3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში ხორციელდება  რეფინანსირების განაკვეთს პლუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი.

 

ახალი გემებით მეთევზეები წლიური თევზჭერის გეგმას მთლიანად შეასრულებენ, რასაც დღესდღეობით ვერ ახერხებენ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არსებული პრაქტიკით ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე ახორციელებენ საქმიანობას, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია.

 

დღეს საქართველოს თევზჭერის ფლოტს 30 სეინერი ჰყავს, რომელზეც 500-მდე მეთევზე-მეზღვაურია დასაქმებული, თუმცა გემები მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.

 

(Visited 1 times, 1 visits today)

Comment here